რამდენი ლარით განისაზღვრა ჯარიმა

2018-12-09 13:13:01

პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს, 10 დეკემბრის სხდომაზე წარედგინება.

მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის - 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირის - 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს და საქმეებს იხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

"პიროტექნიკურ ნაკეთობებზე არასრულწლოვანთა თავისუფალი წვდომის საფრთხე არაერთხელ დადასტურდა სადღესასწაულო დღეებში პიროტექნიკური ნაკეთობების აფეთქების ან აალების შედეგად არასრულწოვანების მიერ მიღებული სხეულის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანების ფაქტებით. 2018 წლის იანვარში თბილისში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით ჰოსპიტალიზებული იყო 44 ადამიანი, მათ შორის 24 არასრულწლოვანი. 2017 წელის დასაწყისშიც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.