სათამაშო ბიზნესის რეკლამირება შეიზღუდება

2018-12-05 15:40:07

აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით შესაძლოა, აიკრძალოს. ამის შესახებ საუბარია „რეკლამის შესახებ“ კანონპროექტში, რომელიც დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად წარმოადგინა.

კანონპროექტი მიზნად ისახავს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის საკითხის დარეგულირებას. კერძოდ, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე იკრძალება გარე რეკლამის განთავსება მათგან 200 მეტრის რადიუსში.

კანონპროექტი ასევე, კრძალავს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელებას ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ასეთი რეგულაციით შესაძლებელი გახდება აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონის და ამით გამოწვეული სოციალური რისკების შემცირება.

საკითხთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი კითხვები გაუჩნდათ როგორც დეპუტატებს, ასევე ბიზნესომბუდსმენსა და მომგებიანი და აზარტული თამაშების ბიზნესის წარმომადგენლებს. განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთნ, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებთან გარე რეკლამის 200 მეტრის რადიუსში განთავსების საკითხმა. სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ამ მანძილის 100 მეტრამდე შემცირებას მოითხოვენ. მათი მოსაზრებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სარეკლამო ინდუსტრიას.