მარიხუანის მოხმარება აკრძალულია საჯარო მოხელეებისთვის

2018-12-01 12:09:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტით მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა, კერძოდ:

• იკრძალება მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე;

• ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანის მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;

• ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაულია;

• მარიხუანის მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე, კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;

• მარიხუანის მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას;

• გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;

• სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანის ფლობის და გასაღების შესახებ არსებული რეგულაცია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.