პრეზიდენტი ათონელის სასახლეში განთავსდება

2018-11-29 11:58:47

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარის თქმას და ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში განთავსებას გეგმავს.

პრეზიდენტის ადმინისტრციის ავლაბრიდან ათონელზე - ორბელიანის სასახლეში გადასვლის საკითხი სალომე ზურაბიშვილს საკუთარ საარჩევნო პროგრამაში აქვს გაწერილი.

საარჩევნო პროგრამაში ზურაბიშვილი საკუთარ ხედვას ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოდელთან დაკავშირებითაც წარადგენს და მიიჩნევს, რომ მისი, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინტენსიური კავშირი უნდა ჰქონდეს მოქალაქეებთან, დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ წარმომადგენლობა ადმინისტრაციაში.

ახალი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლიდან ათონელის რეზიდენციაში გადასვლის საკითხზე მთავრობას საკუთარი გადაწყვეტილება ოფიციალურად ამ დრომდე არ გაუხმოვანებია, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განწყობები სალომე ზურაბიშვილის პოზიციასთან თანხვედრაში მოდის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა გადასახადის გადამხდელებს ბევრი არ უნდა უჯდებოდეს“.

"მე მაქვს პრინციპული პოზიცია, თუ რა უნდა უჯდებოდეთ სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა გადასახადის გადამხდელებს", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზაფხულში ჟურნალისტების შეკითხვას იმის თაობაზე, გადაინაცვლებდა თუ არა ახალი პრეზიდენტი ავლაბრიდან ათონელის სასახლეში.

შეგახსენებთ, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სასახლის რეაბილიტაციაზე 26 მილიონი ლარი დაიხარჯა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ სასახლეში გაპრეზიდენტების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი შესულიყო, თუმცა ის ავლაბრის რეზიდენციაში განთავსდა, რაც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებასთან“ უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. რამდენჯერმე დაიგეგმა ათონელის სასახლის პრივატიზაცია, თუმცა შენობა არცერთ შემთხვევაში არ გაიყიდა. საბოლოოდ, ის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღეს, თუმცა წლების განმავლობაში ფუნქცია ვერ შეიძინა და ამ დრომდე დაკონსერვებულია. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ელის ავლაბრის რეზიდენციას გიორგი მარგველაშვილის მიერ მისი დატოვების შემდეგ.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება.

სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.