საპროტესტო აქცია ატოცის საოკუპაციო ხაზთან

2018-11-10 15:47:19

სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ და პოლიტიკურ მოძრაობა „გირჩი“ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების მიერ ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის გავლების ფაქტს ერთად აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, შარვლები ჩაიხადეს და რუს სამხედროებს საჯდომი აჩვენეს.

აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ახალი ძელები დაამონტაჟეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან მობილიზებულნი. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, პოლიცია გარკვეულ პერიმეტრს იცავს იმისთვის, რათა პროვოკაციები აირიდოს თავიდან და ახალგაზრდები, მათივე უსაფრთხოების მიზნით, ღობესთან არ მიუშვას. საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იმყოფებიან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებიც, რომლებიც ფოტო-ვიდეო გადაღებას აწარმოებენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვენებია:

„აღდგეს ქართული საგუშაგოების ფუნქციონირება საოკუპაციო ზოლებში. ამით შევძლებთ წინსაწარ აღვკვეთოთ, ან შევაკავოთ მცოცავი ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებებისა და გატაცების ფაქტები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააძლიეროს თანამშრომლობა და იყოს მუდმივ კოორდინაციაში ევროკავშირის სამდამკვირვებლო მისიასთან საქართველოში. სწორედ მათი პირდაპირი მოვალეობაა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები პირებისთვის უსაფრთხო ცხოვრების აღდგენის ხელშეწყობა და შესაბამისი ევროპული სტრუქტურების ინფორმირება კონფლიქტის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აწარმოოს პარტნიორი სახელმწიფოებისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური და დროული ინფორმირება, დეფაქტო მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გაბმის ან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებებისა და გატაცებების ფაქტების შესახებ.

სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია” უერთდება გირჩის მოთხოვნას - გაიზარდოს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის დაფინანსება“,-წერენ ორგანიზატორები.