რუსთავში, სტამბულის ბაზარის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ობიექტში ხანძრის გაჩენისათვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. დანაშაულში ბრალდებული რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მცხოვრები 19 წლის მამაკაცია. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავმა" დაკავებულის დედასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ამბობს, რომ მის შვილს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია და ეს შემთხვევითობა იყო.
"ტოტალიზატორიდან გამოსულა და კარდონები დაუწვია, გათბობა მინდოდაო და მაგიტომ დავანთე ცეცხლიო, თხლად ეცვა ეტყობა და შესცივდა. იქვე მაღაზიას წაკიდებია ცეცხლი, უტვინოდ მოიქცა არ იფიქრა, რომ ცეცხლი გადავიდოდა და სხვა რამესაც წაეკიდებოდა, ეხლა კიდე დაჭერილია" - განაცხადა დაკავებულის დედამ ინფო რუსთავთან.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გარე სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გამოდის მამაკაცი იქვე მდებარე სამორინედან და როგორ წვავს თავდაპირველად რამდენიმე მუყაოს ყუთს. კადრებში ასევე ჩანს როდის ტოვებს 19 წლის ბიჭი ბაზროის ტერიტორიას.
ბრალდებულის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა, თუმცა დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი პოლიციამ 1 ნოემბერს, ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში დააკავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ნახეთ სრული ინტერვიუ ბრალდებულის დედასთან და ობიექტის მეპატრონესთან.