აქციის მონაწილეებმა "აზოტის" ადმინისტრაციული შენობა შტურმით აიღეს (ვიდეო).

2017-02-02 14:32:55

„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები „აზოტის“ ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათი შეჩერება დაცვის პოლიციამ სცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა მაინც მოახერხეს. ისინი კომპანიის დირექციასთან დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები „რუსთავის აზოტის“ დირექტორის მოადგილი ლევან ბურდილაძის კაბინეტში შეძახილებით „წადი!“  შევიდნენ და საკითხთან დაკავშირებით გასაუბრება სცადეს, თუმცა მოლაპარაკება არსებულ ვითარებაში ვერ შედგა. რამდენიმე წუთში ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი გამოცხადდა. კომპანიის ხელმძღვანელმა აქციის მონაწილეების შეხვედრის გაგრძელება საწარმოს დარბაზში შესთავაზა. თუმცა აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად დირექტორის კაბინეტში იქამდე დარჩებიან, სანამ კომპანიის ახალ მეპატრონეს არ შეხვდებიან და მისგან არ მოისმენენ მათ კითხვებზე პასუხს.

„რუსთავის აზოტის“ წარმომადგენელი ლევან ბურდილაძე „ინფო რუსთავთან“ საუბარში „აზოტიდან“ კიდევ 350 თანამშრომლის მოსალოდნელ გათავისუფლებას უარყოფს.

„მას შემდეგ რაც ქარხანა შევა ნორმალური მუშაობის რეჟიმში, კომპანია მზად არის განიხილოს გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნების საკითხი, მანამდე კი მათ კომპენსაციის სახით 3 თვის განმავლობაში 500 ლარი გადაეცემათ“- აცხდებს ლევან ბურდილაძე.

შეგახსენებთ, „რუსთავის აზოტიდან“  350 ადამიანი 1 კვირის წინ ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციები კი  საქართველოს პროფკავშირების ორგანიზებით უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, პროტესტს „აუდიტორია 115“, მოძრაობა „მწვანე მუშტი“, სტუდენტები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდნენ.

გთავაზობთ „ინფო რუსთავის“  LIVE-ს მოვლენების ეპიცენტრიდან. ( ვიდეო)