ინფო რუსთავის მიერ გავრცელებულ მასალას, სადაც საუბარი იყო სააკაძის 4 ნომერში არსებულ მდგომარეობაზე, რეაგირება მოჰყვა.
"როდესაც გამოაქვეყნეთ ჩემი წერილი, ნახევარ საათში მოვიდნენ და დაკეტეს წყალი. მთელი ღამე იმუშავეს და წყალი გაგვიკეთეს. ორმოდან წყალიც ამოტუმბულია. გვითხრეს, რომ კანალიზაციის ჭასაც ამოწმინდავდნენ. დიდი მადლობა თქვენ." - განაცხადა ადგილობრივმა, მარი ტიელიძემ ინფო რუსთავთან.
"რუსთავის წყალი"-ს დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის, აღნიშნულ მისამართზე უკვე ყველა პრობლემა მოგვარებულია. როგორც თემურ ჯანელიძემ ინფო რუსთავთან საუბარში განაცხადა: "სააკაძის 4 ნომერთან ქსელის რეაბილიტაციას ვახორციელებთ. სამუშაოების მიმდინარეობისას ჩვენმა ტექნიკამ შემთხვევით დააზიანა ძველი მილი, რომელიც დღესდღეისობით კვებავს სააკაძის 4 ნომერს. მილი ღამის საათებში დაზიანდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქუჩაზე რეაბილიტაცია ახლა მიმდინარეობს და ამ მხარეს ჯერ თავისი ჩამკეტი არ აქვს, მოგვიწია ქალაქის მარცხენა სანაპიროს გათიშვა, დაახლოებით, 5 საათით. ღამის 2-ის ნახევარზე გავთიშეთ და დილით, 7 საათზე წყალმომარაგება უკვე სრულად იყო აღდგენილი. ეს დაზიანებაც აღმოვფხვერით. სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ახალ ქსელს გადავაერთებთ და სააკაძის ქუჩა უკვე იქნება წყალმომარაგებული ახალი ქსელით, ექნება თავისი ჩამკეტი და პრობლემა აღარ იქნება. ამ ეტაპზე დაგროვილი წყალი არის ამოტუმბული, კანალიზაციის ჭაზე არსებული პრობლემაც მოგვარებულია და წყლის მილიც აღდგენილია. რაც შეეხება რეაბილიტაციის დასრულებას, მომდევნო კვირიდან უკვე მოხდება გადაერთება და სააკაძის 4 ნომერიც ახალი წყალსადენით ისარგებლებს."
შეგახსენებთ, რომ სააკაძის 4 ნომერი კორპუსის მაცხოვრებლებმა ინფო რუსთავს დახმარების თხოვნით გუშინ მიმართეს.