როგორ უნდა მოიქცეთ დაკავების შემთხვევაში

2018-04-25 17:40:43

როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევაში.

პირის ადმინისტრაციული დაკავება თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთას გულისხმობს, რომლის გამოყენება დასაშვებია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად და სხვ. პოლიცია ადმინისტრაციულ დაკავებას ხშირად იყენებს ისეთი გადაცდომებისთვის, როგორებიცაა: წვრილმანი ხულიგნობა ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

ადმინისტრაციული წესით დაკავების შემთხვევაში მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს:
1. განმარტება დაკავების საფუძვლის შესახებ;
2.ადვოკატთან დაკავშირება, დაკავების ფაქტისა და ადგილსამყოფელის შეტყობინება ახლობლისთვის, სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციასთან დაკავშირება (ტელეფონის ჩამორთმევის შემთხვევაში);
3. უარი განაცხადოს ოქმის ხელმოწერაზე თუ არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, ოქმში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და არ ადასტურებს მის მიერ ოქმში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენას.
ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში სათანადო ჩანაწერი კეთდება.

კანონის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია პირს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს: მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი; რომ აქვს უფლება ადვოკატზე და რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.

რასრულწლოვნის ადმინისტრაციული დაკავების შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. ხოლო პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

შესაბამის ქმედებებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს.