უკვე 2 წელია, რაც რუსთავში სუპერმარკეტ "მადაგონთან" სოციალური მაცივარია განთავსებული. მაცივარში ნებისმიერ მსურველს შეუძლია პროდუქტის იმ ადამიანებისთვის დატოვება, რომელთაც სურსათის შეძენის საშუალება არ აქვთ, თუმცა დღის განმავლობაში სოციალური მაცივარი ყოველთვის ცარიელია.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა ფუნქციონირებს თუ არა მაცივარი და რამდენად გაამართლა საქველმოქმედო იდეამ. კითხვით პროექტის ინიციატორს, ნანა ბეღელაძეს მივმართეთ.
"სოციალური მაცივრის იდეამ გაამართლა, რადგან ახლა სააღდგომოდ ვიყავით მისულები, გავავსეთ პასკებითა და კვერცხებით. როგორც იქ მყოფებმა გვითხრეს პროექტი მუშაობს, უბრალოდ როგორც კი რაღაც პროდუქტი დაიდება მაშინვე იღებენ, არაფერი არ ჩერდება მაცივარში დიდი ხნით. ვინც იციან იქ ახლომახლოდ მდგომებმა მაცივარში საკვები იდება მაშინვე მიდიან და იღებენ, მე თვითონაც შევესწარი ისეთ ფაქტს, რომ მთლიანად სავსე მაცივარი ერთმა ადამიანმა დაცალა, ვერც ვერაფერს ეტყვი, რადგან უჭირს და წაიღო. იმის კონტროლი არ ხდება, ვთქვათ, ერთი აიღონ და მეორე დატოვონ, ვისაც შეხვდება იმ მომენტში ის იღებს. თავიდანვე როგორც მქონდა იმედი გაამართლა იმ კუთხითაც, რომ "მადაგონიც" ავსებს ყოველდღე იმით, რაც დარჩება საკვები" - აღნიშნა ნანა ბეღელაძემ.
სოციალური მაცივარი რუსთავში არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მხარდაჭერით 2 წლის წინ დაიდგა. მაცივრისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდებას კომპანია „მადაგონი“ უზრუნვალყოფს.
ავტორი: ირმა კურტანიძე