2026-11-01 13:54:43
ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადასაყვანად 70 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის შესასყიდად ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.
პირველად გამოცხადებული ტენდერის, რომელიც არ შედგა, სავარაუდო ღირებულება 36 494 570 ლარი იყო, განმეორებითი შესყიდვის შემთხვევაში კი თანხა 39 799 858 ლარამდე გაიზარდა.
შესაბამისად, ახალი ტენდერის სავარაუდო ღირებულება წინა შესყიდვასთან შედარებით 3 305 288 ლარით მეტია. თითო ავტობუსის სავარაუდო ღირებულება 568 569 ლარი გამოდის.
ახალ ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის წინადადების მიღება 4 ნოემბერს იწყება და 5 ნოემბერს დასრულდება.
შეგახსენებთ, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ავტობუსები უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების, M3 კატეგორიის, პირველი კლასის, დაბალი იატაკის (Low Floor) საქალაქო ტრანსპორტი.
სიგრძე: არანაკლებ 8 და არაუმეტეს 9 მეტრი;
სიმაღლე: არანაკლებ 2.8 მეტრი;
სიგანე: არანაკლებ 2.4 მეტრი;
მძღოლის გარდა უნდა იტევდეს მინიმუმ 50 მგზავრს;
უნდა ჰქონდეს მინიმუმ 25 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი;
დასაჯდომ ადგილებს შორის მაქსიმუმ 4 შეიძლება იყოს გადმოსაშლელი;
შშმ პირებისთვის ადაპტირებული;
უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი და განბაჟებული;
საგარანტიო პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 36 თვეს ან 200 000 კილომეტრს, იმის მიხედვით, რომელი პირობა შესრულდება პირველად.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღის განმავლობაში.