ვენეციის კომისიამ „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებზე დასკვნა გამოაქვეყნა

2026-10-13 17:14:57

ვენეციის კომისია „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ სხვა კანონებში, 2026 წლის მარტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონები არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. კომისიის შეფასებით, ამის ნაცვლად, იგი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან მიმართებით და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ელვირა კოვაჩის თხოვნით, ვენეციის კომისიამ შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მიღებული ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე მათთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში.

“ვენეციის კომისიამ 2025 წლის დასკვნაში განაცხადა, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზა საფრთხეს უქმნიდა კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცესა და დემოკრატიულ თავისუფლებებს; კომისიამ რეკომენდაცია გასცა, გაუქმებულიყო შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები და გაუმჯობესებულიყო არსებული სამართლებრივი ჩარჩო. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ სფეროში ნებისმიერი სამომავლო კანონმდებლობა სისტემური და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის გზით უნდა შემუშავებულიყო.

2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური მონაწილეობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელ შემზღუდავ სამართლებრივ ჩარჩოს.

წინა მოსაზრებებში გამოვლენილი შეშფოთების მოგვარების ნაცვლად, ისინი კიდევ უფრო აძლიერებენ სამთავრობო კონტროლს, აფართოებენ შეზღუდვების ფარგლებს და აძლიერებენ საკანონმდებლო ჩარჩოს მონიტორინგის ფართო უფლებამოსილებებისა და სისხლისსამართლებრივი სანქციების გზით. სახელმწიფოს მხრიდან წინასწარი კონტროლის, მონიტორინგის ფართო უფლებამოსილებებისა და გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თავისუფლების აღკვეთის საფრთხის წინაშე აღმოჩენილმა პირებმა და ორგანიზაციებმა შეიძლება გონივრულად შეიკავონ თავი კონვენციით დაცული კანონიერი საქმიანობის განხორციელებისგან. შედეგად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებით სარგებლობა, ისევე როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების განხორციელება, შესაძლოა შეიზღუდოს არა მხოლოდ პირდაპირი აკრძალვებით, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნით, რომელშიც სამოქალაქო აქტივობაში ჩართულობასთან დაკავშირებული რისკები იმდენად მაღალი ხდება, რომ ამ რისკების გაწევა გაუმართლებელია.

ვენეციის კომისიის მოსაზრებით, ამჟამინდელი ფორმით ფიზიკური პირების მიმართ დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

კომისია მკაცრად რეკომენდაციას უწევს, გადაიხედოს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება ისეთ შემთხვევებში, რომლებიც უკავშირდება „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებსა და ვალდებულებების დარღვევას, ასევე ისეთ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს ისეთ ფართო ცნებებს, როგორიცაა „საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები“, უცხოური იურიდიული პირების საქმიანობა ან გრანტის რეჟიმის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული გარიგებები. მსგავსი ქმედებები უნდა დარეგულირდეს მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, პროცედურული გარანტიების სათანადო უზრუნველყოფით. თუ ხელისუფლება მაინც გადაწყვეტს, შეინარჩუნოს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენების მიდგომა, მინიმუმ უნდა უზრუნველყოს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია, და რომ როგორც სანქციების გამომწვევი ქმედება, ისე თავად სანქციები იყოს ზუსტად განსაზღვრული.

მარეგულირებელ ჩარჩოს აკლია სამართლებრივი განსაზღვრულობა და განჭვრეტადობა. ისეთი საკვანძო ცნებები, როგორიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული“ საქმიანობა, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, „პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის შექმნა“ ან „სახელმწიფოს ინტერესებისათვის ზიანის მიყენება“, ჩამოყალიბებულია ზედმეტად ფართო და ბუნდოვანი ტერმინებით; ეს კი ქმნის გაურკვევლობას იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ვრცელდება შეზღუდვები, და ხელისუფლებას ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას. აღნიშნული ცნებები საჭიროებს დაზუსტებასა და მკაფიო, შეზღუდულ განსაზღვრებას. ამასთანავე, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მომავალში საქართველოში კანონმდებლობის მიღების პროცესი სათანადოდ ინკლუზიური უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი ლეგიტიმურობა და ფართო საზოგადოებრივი მიმღებლობა. კანონშემოქმედებითი პროცესი უნდა წარიმართოს მსჯელობისა და განხილვის პირობებში, სადაც დაჩქარებული პროცედურები მხოლოდ გამონაკლისს წარმოადგენს, და უზრუნველყოს ყველა შესაბამისი მხარის ჩართულობა და მათი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა.

ამ დასკვნების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. ამის ნაცვლად, იგი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან მიმართებით, და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა 2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ჩარჩოს ერთობლივი და სისტემური გავლენის გათვალისწინებით, მათ შორის, იმ ბოლო ცვლილებებისა, რომლებიც შეფასებულია ვენეციის კომისიის დასკვნაში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და მასთან დაკავშირებულ კანონებში 2025 წლის 16 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებების შესახებ.

ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური წყობისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვის ნაცვლად, განსახილველი კანონმდებლობა მათ საფუძვლიანად შერყევის საფრთხეს ქმნის.

ვენეციის კომისია წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ ისურვა მასთან თანამშრომლობა წინამდებარე დასკვნის მომზადების პროცესში, თუმცა დიალოგისთვის კვლავ მზად არის. ვენეციის კომისია მზად არის, ამ საკითხთან დაკავშირებით შემდგომი დახმარება გაუწიოს საპარლამენტო ასამბლეას”, - აღნიშნულია დასკვნაში.