2026-08-24 12:14:29
რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა შეიცვალა.
რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს "სამებას" შორის თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით რეაბილიტაცია 21 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 22 სექტემბერს განახლებული ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების შესრულების ბოლო ვადად 15 დეკემბერი განისაზღვრა.
"შეიცვალოს ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუწქტი და ნაცვლად „მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 (ორასათი) კალენდარულ დღეში. (ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით)“-სა დაფიქსირდეს „მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 295 (ორასოთხმოცდათხუთმეტი) კალეწდარულ დღეში. (ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით)“,- ვკითხულობთ ხელშეკრულებაში.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" კითხვაზე, რატომ ვერ მოესწრო თავდაპირველად გათვალისწინებულ ვადებში რეაბილიტაციის დასრულება, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ გვიპასუხა, რომ ლეონიძის ქუჩაზე კონტრაქტორი კომპანიის გარდა სამუშაოები შეასრულეს კომუნიკაციების სხვადასხვა კომპანიებმა.
"დამატებით სხვადასხვა კომპანია მუშაობს ამ პროექტზე, როგორიცაა ჯივიპი, სოკარ გაზი და ა.შ.
ჯივიპიმ ძალიან დიდი სამუშაოები ჩაატარა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თავისი ახსნითა და დასურათებებით მერიაშია. სამუშაოები დაწყების დღიდან არ გაჩერებულა, თუ ამინდის ხელშემშლელი პირობები არ იყო. გამოიცვალა ყველა კომუნიკაცია, რაც გამოსაცვლელი იყო და უახლოეს პერიოდში დაიწყება ასფალტის საფარის მოსაწყობად მოსამზადებელი პროცესი და ასფალტის პირველ ფენას დააგებენ",- გვითხრა ნინო ლაცაბიძემ.