2026-09-15 11:49:33
პროკურატურის მიერ რუსთავში 50 წლამდე კაცის მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანისთვის ბრალის შემსუბუქების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ბრალდებულს სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლებენ.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკავებული ბიჭის უფლებადამცველმა ალი ბადიროვმა განუცხადა.
მისი თქმით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა, რაც შეიძლება მალე ჩაინიშნოს არსებითი განხილვის შემდეგი პროცესი, რათა არასრულწლოვანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენოს.
ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით მიმართვას აპირებ საქართველოს პროკურატურაც.
"პროკურატურის ვერსიაა, რომ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია, თუმცა, ვფიქრობ, რომ გადაცილებასაც არ ჰქონდა ადგილი. ეს იქნება ჩვენი პოზიცია ბოლომდე, ჩემი დაცვისქვეშ მყოფის უდანაშაულობას ბოლომდე დავაყენებთ. თუმცა მისასალმებელია, რომ 100%-ით თუ არა, 99%-ით მაინც, პროკურატურამ სწორი ნაბიჯი გადადგა და რადგან მუხლი შემსუბუქებულია ორივე მხარე, პროკურორიც და ადვოკატიც, სასამართლოში გირაოს გამოყენებაზე ვიშუამდგომლებთ. სასამართლოს თხოვნით მივმართე და პროკურორიც მიმართავს, რომ პროცესი ჩაინიშნოს რაც შეიძლება მალე. როცა ორივე მხარე ერთი და იგივე შუამდგომლობას ვაყენებთ, მითუმეტეს ნაკლებად მძიმე ხასიათის საქმეს ეხება, ყველა ვარიანტში დარბაზიდან გათავისუფლებაა მოსალოდნელი 100%-ით",- უთხრა "ინფო რუსთავს" ალი ბადიროვმა.
შეგახსენებთ, შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 5 ივნისს დავით გარეჯის ქუჩაზე მოხდა. 16 წლის ბიჭმა 50 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც პოლიციას დაურეკა, დანაშაული აღიარა და სამართალდამცავებს ჩაბარდა. არასრულწლოვანმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მოკლულმა მას თავისუფლება აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა.