2026-07-27 19:32:38
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რუსთავის შემოსასვლელში მიწის მფლობელების ნაწილს, ქვემო ქართლის რწმუნებულს, ილია ჯალაღანიას, პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილსა და ნინო ლაცაბიძეს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ემოციურად და მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
"ინფორმაციის გამოთხოვნის მოთხოვნით სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მივმართეთ. მესაკუთრეები იმყოფებიან ინფორმაციულ ვაკუუმში. დღევანდელი შეხვედრის მიზანი სწორედ ეს იყო, რომ მიგვეღო უფრო მეტი ინფორმაციაა, რომ შემდეგ მესაკუთრეს დაეხმაროს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
უმეტესობას სურს, შეუნარჩუნდეს თავიანთი საკუთრება და მიეცეს მისი განვითარების საშუალება, შეეცვალოს მიწის ნაკვეთს სტატუსი, სწორედ ამაში ვხედავთ ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას. გვსურს, დავზოგოთ ფინანსური და მატერიალური რესურსი. მესაკუთრის ინტერესში ნაკლებად შედის, რომ წავიდეს სასამართლოში და თუ არის რაიმე შესაძლებლობა, ამ შეხვედრის ფორმატში სასამართლოს გარეშე შენარჩუნდეს საკუთრება, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი",- გვითხრა ხატია ხუბაშვილმა.
ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ "ინფო რუსთავთან" განაცხადა, რომ მიწის მფლობელებისთვის შეთავაზებული იყო საქმიანი ფორმატი და მათ ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს.
"ჩვენი მხრიდან საქმიანი ფორმატი იყო შეთავაზებული. ვინიშნავდით ყველა იმ საკითხს, რაზეც პასუხები უნდა გაგვეცა. ძალიან რთულია, როდესაც მეორე მხარე არ არის მოწოდებული, რომ გაიგოს და გადაჭრის გზები მოძებნოს. ძალიან რთულია, როცა საკითხების გავლასთან ერთად შეურაცხყოფის მოთმენა გიწევს. იმედს ვიტოვებ, რომ მომდევნო შეხვედრები იქნება კიდევ უფრო მშვიდი, საქმეზე ორიენტირებული.
თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა კითხვაზე, რომელიც ჰქონდათ, ამომწურავად გავეცით პასუხი",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.