რა გაძვირდა ოქტომბერში

2025-11-03 11:39:29

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოში ფასების დონე წლიურად 5.2%-ით გაიზარდა.

ეს როგორც 2025 წლის, ასევე ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია, სადაც ფასები 11.7%-ით არის მომატებული.

ინფლაცია სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21%), ბოსტნეული და ბაღჩეული (19.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.2%), თევზეული (16.9%), ზეთი და ცხიმი (13.9%), პური და პურპროდუქტები (12.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.2%), რძე, ყველი და კვერცხი (8.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.9%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.75 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.3 %), საავადმყოფოების მომსახურების (9.2%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.36 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.2%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.9%).