უსიამოვნო სუნის პრობლემა რუსთავში

2025-10-27 19:22:30

რუსთაველების დიდი ნაწილი რამდენიმე კვირაა სოციალურ ქსელებში აქტიურად წერენ რუსთავში საღამოს და დილის საათებში უსიამოვნო სუნის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას ძველ და ახალ რუსთავში მცხოვრებლები სხვადასხვა სუნს აღწერენ და ამბობენ, რომ ქალაქის ორივე სანაპიროზე, სავარაუდოდ, უსიამოვნო სუნი სხვადასხვა წყაროდან მოდის.

საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, სადაც გვითხრეს, რომ უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში, შპს "სანიტარი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი.

"რუსთავში გავრცელებულ უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში, შპს "სანიტარი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი.ნაგავსაყრელის ინსპექტირება დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 14 მაისს განზორციელდა. შპს "სანიტარი"-ს მიმართ, შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79(7)-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 

შპს "სანიტარი"-ს  2025 წლის 08 ოქტომბრის გაეგზავნა ადმინისტრაციული მიწერილობა და კომპანიას შეეზღუდა ნარჩენების განთავსება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში, გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტის (აღმჭურველი ადინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გარეშე",- ამბობენ დეპარტამენტში.

უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში ისაუბრა ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემაც, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

"ქალაქში გამოწვევად რჩება უსიამოვნო სუნი. რამდენიმე გზშ-ში ვნახეთ იყო პრობლემა სუნთან დაკავშირებით და ის ნორმები, რაც იყო დაცული, დღეს რეალურად პრობლემას ქმნის. რამდენიმე საწარმოზე გვქონდა საუბარი სამინისტროსთან და გზშ-ს რომ გავყვებით და დოკუმენტს თუ გავყვებით, ყველაფერი წესრიგშია. თუმცა, თუ არის ამის შესაძლებლობა, კარგი იქნება გადაიხედოს რამდენიმე გზშ.

ქალაქის გარკვეულ უბნებში სუნი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. სამინისტროსთან ერთად ჩატარდა მონიტორინგი და 500-მეტრიან რადიუსში, სადაც დარღვევა არ დაფიქსირდა, თუმცა ფაქტია, რომ პრობლემა ისევ რჩება და საჭიროა გენერალური გეგმების გადახედვა“, - განაცხადა რუსთავის მერმა

თუ ქალაქში უსიამოვნო სუნს იგრძნობთ, შეგიძლიათ დარეკოთ ცხელი ხაზზე 153 და ინფორმაცია მიაწოდოთ გარემოსდაცვით ზედამხედველობას.

ცხელი ხაზი 24 საათი მუშაობს, ზარი უფასოა და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დარეკოთ

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები