პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში რუსთავის ჰაერის ხარისხზე იმსჯელეს

2025-10-27 19:06:14

ნინო ლაცაბიძე - მიუხედავად იმ მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკისა, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის და რუსთავის მერიის გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგად უკვე სახეზე გვაქვს, ეკოლოგია კვლავ რჩება ჩვენს ერთ-ერთ  მთავარ გამოწვევად.

პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, ღიად ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე, რაც ჩვენი მხრიდან, კიდევ უფრო კომპლექსური, ერთობლივი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში,  რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ იმსჯელეს. 

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2021-2025 წლებში, რუსთავის მერიის მხრიდან განხორციელებულ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც რუსთავის ჰაერის მართვის გეგმის მიხედვით, მუნიციპალიტეტს ჰქონდა განსაზღვრული. 

შეხვედრას, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

რუსთავში, 2021-2025 წლებში ახალი რეკრეაცია 219 853 კვ/მ ფართობზე გაშენდა, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო 199 219 კვ/მ ფართობზე, ქალაქს ეკოლოგიურად სუფთა მუნიციპალური ტრანსპორტი ემსახურება, განხორციელდა მასშტაბური ენერგოეფექტური პროექტები და დაწყებულია  ჭალის ტყეების აღდგენა-განვითარება. 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, რუსთავის ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია, პოზიტიური ცვლილებები სახეზეა, როგორც სამრეწველო ემისიების, ისე ჰაერში მტვრის ნაწილაკების წარმოქმნის პრევენციის კუთხითაც. 

კომიტეტის სხდომაზე იმ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება, რაც რუსთავისთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება და კიდევ უფრო კომპლექსური ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.