რუსთაველ აქტივისთან სახლში აღსრულების ეროვნული ბიურო მივიდა

2025-09-26 18:23:43

სახლში, სადაც „დროას“ წევრი, ნათია ლეთოდიანი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობს, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მივიდა და განუცხადა, რომ 5000-ლარიანი გადაუხდელი ჯარიმის გამო, მისი ნივთების დაყადაღებას აპირებენ.

„ჩემი ბებია-ბაბუის კუთვნილ საცხოვრებელში სახლში დაგვადგა აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი და გვითხრა, რომ უნდა დაიწყონ ნივთების დაყადაღება, რადგან არ გადავიხადე 5000-ლარიანი უკანონო ჯარიმა, რომელიც ბათუმში, ზებრაზე გადასვლის გამო დამიწერეს.

აფხაზეთიდან ვარ დევნილი. ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ჩემი ოჯახისთვის. არც ბინა მოუცია, როგორც დევნილისთვის. აფხაზეთის ომის შემდეგ, რუსთავში ბებია-ბაბუასთან ჩამოვედით და, ფაქტობრივად, აქ გავიზარდე.

ახლა უნდათ, რომ სახლი და ნივთები წაგვართვან?

ჩემს საკუთრებაში არაფერია – არც სახლი, არც მანქანა და არც სხვა რაიმე საოჯახო ნივთი. სხვისი ნივთები უნდა აღწერონ და გადასცენ აღსრულების პოლიციას?

რუსი მაროდიორები რომ იქცეოდნენ ხოლმე და რაღაცები გაჰქონდათ სახლებიდან, ისე იქცევიან ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები“, – ამბობს ნათია ლეთოდიანი.

მისი თქმით, აღსრულების ბიუროს წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ დღეს გაფრთხილების დოკუმენტზე ხელის მოწერა მოსთხოვეს, ნივთების აღსაწერად კი ორშაბათს მოვლენ.

წყარო: "ბათუმელები"