"ვნახავთ რა შეიძლება სამსახურმა გააკეთოს, რომ მცირე მონაკვეთში ეს პრობლემა მოგვარდეს"

2025-08-13 12:10:53

სოციალურ ქსელში რუსთავის ჯგუფებში ლეონიძის ქუჩაზე არსებულ გარე განათებებთან დაკავშირებით მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

რუსთაველები ამბობენ, ქუჩაზე არსებული ღამის განათებების გამო ავტომობილით გადაადგილება უჭირთ.

"ინფო რუსთავმა" ქალაქის მერს, ნინო ლაცაბიძეს კითხა, აპირებს თუ არა მუნიციპალიტეტი სანათების გამოცვლას.

ლაცაბიძის თქმით, უკვე შედგენილია ლეონიძის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ფარგლებშიც იგეგმება განათების სისტემის მოწესრიგება.

"მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს აქვს უკვე შესაბამისი პროექტი დამუშავებული ქუჩის სარეაბილიტაციო ნაწილში. პროექტის ფარგლებში იგულისხმება რომ მოძველებული, მწყობრიდან გამოსული განათების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, სანათების ქსელი ჩავიდეს მიწაში და დაყენდეს ახალი, ევროპული და თანამედროვე სანათები. იქამდე სანამ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავიწყებთ, ვნახავთ რა შეიძლება სამსახურმა გააკეთოს, რომ მცირე მონაკვეთში ეს პრობლემა მოგვარდეს. ჩვენ ყველგან, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ შევცვალეთ სანათები და ძალიან ვცდილობთ ქალაქი მოვიცვათ ამ კუთხით",- განაცხადა ლაცაბიძემ.