რუსთავში რაგბის სტადიონი აშენდება [photo]

2025-07-03 13:37:56

რუსთავში ნიკო ლომოურისა და ალექსანდრე ახმეტელის ქუჩებს შორის არსებულ ადგილზე რაგბის ახალი სტადიონი აშენდება.

სპორტული მოედნის ასაშენებლად საჭირო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების დროს უნდა გაკეთდეს სპორტული მოედანი, მოეწყოს 15 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე სივრცე, ორი 60-60 კაციანი ტრიბუნა და ერთსართულიანი შენობა, რომელშიც გათვალისწინებულია გასახდელები, საშხაპე, მწვრთნელის და ექიმის ოთახი. შენობა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებზე. გარდა ამისა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა იზრუნოს ტერიტორიის კეთილმოწყობაზე.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტადიონის ასაშენებლად 3 185 244 ლარია გამოყოფილი.