"გუშინდელმა სიუჟეტმა გამოიღო შედეგი"

2025-06-11 13:03:27

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" სიუჟეტის შემდეგ რუსთავის მერიის ააიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა რუსთავის შემოსასვლელი ტერიტორიის მოწესრიგება დაიწყეს.

მოქალაქე მაიკო დარსაველიძემ, რომელმაც თავდაპირველად შეგვატყობინა აღნიშნული პრობლემის შესახებ იმედი გამოთქვა, რომ ტერიტორიის დასუფთავება მხოლოდ ფასადური არ იქნება და ძირფესვიანად მოგვარდება.

"გუშინდელმა სიუჟეტმა გამოიღო შედეგი, მოსულები დილიდან მოსულები არიან და აწესრიგებენ აქაურობას. იმედი მაქვს ამ შენობის დემონტაჟის შემდეგ რაც არის დარჩენილი ნანგრევების საძირკველი ამოივსება და აქ იქნება ლამაზი ტერიტორია, რომლითაც აქ მცხოვრები მოსახლეობა, 150 ოჯახი, ვისარგებლებთ. ჩვენი შვილებისთვისაც სასურველი იქნება ლამაზი, მოწესრიგებული ადგილი, სანამ არ მომხდარა უბედურება კარგი იქნება, რომ მხოლოდ ნაგვის გატანით არ შემოიფარგლოს ეს ყველაფერი. მადლობას ვუხდი ქალაქის მერს სწრაფი რეაგირებისთვის, ნამდვილად კეთდება ქალაქში რაღაცები, ვხედავთ ამას მოსახლეობა, ნამდვილად არ ვართ უმადურები, როგორც ამას კომენტარებში წერენ, რომ მოსახლეობა ყრითო და თქვენ თვითონვე უნდა დაალაგოთო, მოსახლეობას დამატებული აქვს ნაგავი ნამდვილად, თუმცა კი, ამ დემონტაჟის შემდეგ ნანგრევების გატანის რესურსი მოსახლეობას არ აქვს, ჩვენ არ გვაქვს პირად საკუთრებაში ტრაქტორები, რომ ნანგრევები მოვასწოროთ და მოვაწყოთ სკვერი. ეს ნამდვილად მერიის კომპეტენციაა, მადლობა რეაგირებისთვის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ფასადური, ამ თუნუქის ღობესაც აიღებენ და იქნება რუსთავის ლამაზი შემოსასვლელი",- გვითხრა მაიკო დარსაველიძემ.