რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ თქვენი ოჯახი იაღლუჯის ფერდობზე მიწას ფლობდა

2024-05-27 13:40:53

გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ რუსთავის სხვადასხვა საწარმოსა თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს იაღლუჯის ფერდობზე 600, 900 და 1500 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთები გადასცა.

წლების განმავლობაში რუსთაველები ამ მიწებს სხვადასხვა მიზნით იყენებდნე, მათ შორის სამეურნეო დანიშნულებითაც.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ეს საკითხი, სოციალურ ქსელებში დახურული ჯგუფებიც შეიქმნა, სადაც იმ ადამიანებმა მოიყარეს თავი, რომლებიც იაღლუჯზე მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელ დოკუმენტაცია არ აქვთ ან მიწას ვერ ირეგისტრირებენ.

ჩვენ ვესაუბრეთ ადვოკატ ნათია თავდუმაძეს, რომელმაც დეტალურად მოგვიყვა, რა ეტაპები უნდა გაიარონ მოქალაქეებმა, რომლებიც იაღლუჯზე მიწას ფლობენ და მისი რეგისტრაცია სურთ.

"რუსთავში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია იაღლუჯის მთაზე მდებარე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხი. იმისთვის, რომ იაღლუჯის მთაზე არსებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში დაირეგისტრიროთ, უნდა მიმართოთ საჯარო რეესტრს და წარადგინოთ ორი ძირითადი დოკუმენტი, ეს არის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მებაღის წიგნაკი. ამასთანავე, გაითვალისწინეთ რომ მებაღის წიგნაკი უნდა აკმაყოფილებდეს 4 კრიტერიუმს, ესენია: მებაღის წიგნაკში დაფიქსირებული უნდა იყოს წიგნაკის გაცემის წელი, ამხანაგობა, რომლის მიერაც იყო გაცემული მებაღის წიგნაკი, ასევე დაფიქსირებული უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფართობის და მებაღის წიგნაკს უნდა ერთოდეს ამხანაგობის ბეჭედი. თუ თქვენი წიგნაკი ამ 4 კრიტერიუმს აკმაყოფილებს, უფლება გაქვთ მიმართოთ საჯარო რეესტრს და მოითხოვოთ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ 2025 წლის ბოლომდე სახელმწიფო ახორციელებს სისტემურ რეგისტრაციებს, რომლის ფარგლებშიც, საჯარო რეესტრი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთების აზომვას და შემდგომის მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებას, შეგიძლიათ დაელოდოთ ამ რეგისტრაციების დაწყება და სრულიად უფასოდ დაირეგისტრიროთ მიწის ნაკვეთი. ამისთვის აუცილებელია, მიმარტოთ საჯარო რეესტრს და მოითხოვოთ, იაღლუჯის მთაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება და შემდგომის მის საკუთრებაში რეგისტრაცია.

იმ შემთხვევაში, თუ დაკარგული გაქვთ მებაღის წიგნაკი უნდა მიმართოთ არქივს და გამოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი ოჯახის წევრზე გაცემული იყო თუ არა იაღლუჯის მთაზე როდისმე მიწის ნაკვეთი და თუ კი, რა ფართობის, რასთან დაკავშირებითაც არქივში მოიძიებენ ინფორმაციას და თუკი თვენი ოჯახის წევრი რეალურად ფლობდა მიწის ნაკვეთს, სარგებლობა და მასზე გაცემული იყო მებაღის წიგნაკი, აუცილებლად აღნიშნული ინფორმაცია არქივში დაცული იქნება.

თუკი არქივში მოძიებული იქნება ინფორმაცია, რომ თქვენ ოჯახის წევრზე გაცემული იყო მიწის ნაკვეთი, ამ შემთხვევაშიც კვლავ უნდა ამიმართოთ საჯარო რეესტრს, წარადგინოთ აღნიშნული ცნობა და ასევე აზომვითი ნახაზი",- განგვიცხადა ადვოკატმა.

ნათია თავდუმაძის თქმით, იმისთვის რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თქვენი ნაკვეთის აზომვა უფასოდ მოხდეს, უნდა მიმართოთ საჯარო რეესტრს და მოითხოვოთ თქვენი მიწის ნაკვეთის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აზომვა და შემდგომში რეგისტრაცია.