რუსთავის ძალიან ბევრი კორპუსის სადარბაზოში შეხვდებით სხვადასხვა სართულზე დალაგებულ სამშენებლო ნარჩენებს, სახლიდან გამოტანილ, გადასაგდებად გამზადებულ ძველ ავეჯსა თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნაგავს.
არის შემთხვევები, როდესაც ეს მეზობლებს შორის კონფლიქტის მიზეზიც ხდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბაჩო ხაჩიძემ განუცხადა, მათ ცხელ ხაზზე საკმაოდ ხშირად შედის შეტყობინებები მოქალაქეების მხრიდან, რომ მათ სადარბაზოში სხვადასხვა სახის ნარჩენებს ალაგებენ.
ბაჩო ხაჩიძის თქმიტ, ადგილზე მისული ინსპექციის თანამშრომლები თავდაპირველად მოქალაქეს აფრთხილებენ, რომ ნარჩენები გაიტანონ. თუკი გაფრთხილების შემდეგაც ნარჩენების გატანა არ ხდება, მოქალაქე 200 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება.
ბაჩო ხაჩიძემ გვითხრა, რომ სადარბაზოში ან კორპუსის ეზოში დაყრილი სხვადასხვა ნარჩენების შესახებ მათთან იანვრიდან დღემდე 170-მდე შეტყობინებაა შესული.