რუსთავში რომელ ქუჩებზე გამოცვლის "ჯივიპი" საკანალიზაციო სისტემას

2025-04-01 11:44:03

რუსთავში საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა/მოწესრიგების სამუშაოები 2022 წლიდან მთლიანად "ჯივიპი რუსთავის" პასუხისმგებლობაშია გადასული.

ამ მხრივ ქალაქში რთული ვითარებაა, რაზეც ამ პრობლემის გასაშუქებლად "ინფო რუსთავისთვის" მოქალაქეების მომართვიანობაც მეტყველებს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა 2025 წლის განმავლობაში რომელ მისამართებზე გეგმავს კომპანია საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას.

როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, ამ წელს ჯამურად შეიცვლება 1.3 კილომეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი, რაშიც 1 მილიონ ლარს დახარჯავს.

"კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების ფარგლებში მნიშვნელოვან პროექტებს აქტიურად აგრძელებს.
მიმდინარე წლის პროექტებს შორის, როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ასევე წყალარინების მოძველებული და ამორტიზებული  ქსელების შეცვლა-განახლება დაიგეგმა.

წყალარინების მიმართულებით ქალაქ რუსთავში მოდებაძის, ჭყონდიდელის, თბილისის და რუსთავის ქუჩებზე, ასევე მეგობრობის N3, 23, 26, 27-ში და მეგობრობის გამზირის პირველ შესახვევში წყალარინების ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება - ჯამურად შეიცვლება 1.3 კილომეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი რაშიც კომპანია 1 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

წყალარინების ქსელების განახლების პარალელურად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების სარეაბილიტაციო პროექტებს მიმდინარე წელსაც აქტიურად განაგრძობს. ასევე წყლის დანაკარგებისა და ფარული ჟონვების შემცირების მიზნით, ქსელების სადიაგნოსტიკო სამუშაოები ქალაქის მასშტაბით არსებულ სრულ ქსელებზე ეტაპობრივად განხორციელდება და შესაბამისად დაზიანებული მონაკვეთები განახლდება.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიმდინარე წელს დაგეგმილი და ჩატარებული  სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას რუსთავის მოსახლეობას მუდმივად, სამუშაოების ყველა ეტაპზე მიაწვდის",- განგვიცხადეს კომპანიაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები