"გეგმა არის ახალი არჩევნები"

2024-11-18 20:42:45

"სამი კვირა გავიდა და არცერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განიხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი ყველა პარამეტრის მიხედვით კარზე გვადგას, რასაც ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი არ დაუშვებს.

"ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში იმყოფება და მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას სერიოზული საფრთხეები ემუქრება, ერთი ასეთი საფრთხე დესტაბილიზაციაა, რომელიც შეიძლება ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას მოჰყვეს, რასაც ყოველდღიურად როგორც ვხედავთ, ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა, ასევე მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების ნაცვლად, იზოლაციას ირჩევს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს, ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც ყველა პარამეტრების მიხედვით, კარზე გვიდგას. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ. ამიტომ, ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისიდან გამოსავლის გზა უნდა ერთად მოვძებნოთ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს შევთავაზე და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს თუნდაც, არსებულმა ხელისუფლებამ, როგორც ერთადერთი, სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი ამ არსებული მდგომარეობიდან...

ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისისგან გამოსავლის გზა ერთად უნდა მოძებნოთ. უნდა შევთავაზო საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს არსებულმა ხელისუფლებამაც, როგორც ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი. გეგმა როგორია, რას ვთავაზობ?! პირველი - ცხადია, ახალი არჩევნები. არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, რომ გამეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს ვადა თავისთავად დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას. ერთი არის საერთაშორისო გამოძიება. არა იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად იცის, რომ არ შედგა არჩევნები და გაყალბებული იქნა. ეს საჭიროა იმისათვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს და რაც გამოსასწორებელია, თუ გინდა მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არაგაყალბებული არჩევნები. საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით და გზავნილებით, რაც იყო თავის დროზე ეუთო/ოდირის მოთხოვნები. დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით. ასევე საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა. ყველა ახალ ინსტანციებში არ არის გამორიცხული და სასურველია, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ უშალოდ ჩართული.მეორე პუნქტი, 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება. რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით იმისათვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, ახალ არჩევნებამდე იყოს მაქსიმალურად სტაბილური, ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ. არავის აქვს დევნის მომენტი. არ არსებობს სტაბილური ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობის, საზოგადოების ნება არ არის ასახული არჩევნებში და იმ პოლიტიკურ წყობაში, რომელიც მოჰყვება არჩევნებს. ამ გეგმაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის აუცილებელი და მე ამაზე უკვე ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, ეს არის მათთვის ყველაზე მიმზიდველი, რამდენადაც ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც არის სტაბილური და მშვიდობიანი იმისათვის, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან რყევების გარეშე გამოვიდეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.