აქციის მონაწილეებმა ღამე თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ კარვებში გაათენეს

2024-11-18 10:48:52

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.

ადგილზე 20-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.

აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე ადგილზე ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნებისა და სკამების საშუალებით გზა ჰქონდათ ჩახერგილი.

მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით ამარაგებდნენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება ერთი დღით. სტუდენტების ინფორმაციით, მათ ამის შესახებ შეტყობინებები მიუვიდათ.

ფოტო: რადიო თავისუფლების ლაივიდან