გაიზრდება თუ არა ავტომობილების ტექინსპექტირების საფასური

2024-11-16 14:05:24

"სექტორს მიმართვა გვაქვს გაკეთებული სამინისტროსთან. ჯერჯერობით, სიახლე არ არის. ჩვენი მოთხოვნაა, რომ გაიზარდოს ტექინსპექტირების საფასური. დაგვპირდნენ, რომ განიხილავენ მოთხოვნას და დაგვიბრუნდებიან პასუხით",- ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით რომ ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, შეიძლება ითქვას, რომ ფასები 2025 წლის დასაწყისიდანვე არ იქნება გაზრდილი.

"ამ მდგომარეობით, როცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის და არ გვაქვს ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტომობილების ტექინსპექტირების საფასური 2025 წლის დასაწყისიდან არ იქნება გაზრდილი",- აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის ცენტრებში მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერების საფასური 60 ლარს შეადგენს. ტექინსპექტირების ცენტრები საფასურის 30 ლარით გაზრდას ითხოვენ.