"დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ გამოაცხადეს - მნიშვნელოვანია ახლოდან დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც ეხება გამოძიებას",- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მან ისაუბრა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ საჭიროა გამოძიება, რათა გაირკვეს რა მოხდა, რა მასშტაბია დარღვევების და როგორი გავლენა მოახდინა ამან შედეგებზე.
ამავე კონტექსტში ბორელმა აღნიშნა, რომ ეს აძლიერებს ტრენდს, რომელსაც საქართველოს ოფიციალური პირებისგან ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით - ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორება, დაშორება მისი ღირებულებებისგან და პრინციპებისგან.
“საქართველომ საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, რომელიც გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. ეს საჭიროებს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოძიებას და გარკვევას. ამ დარღვევას სათითაოდ განხილვას არ დავიწყებ, მაგრამ ისინი ბევრია. ზოგიერთი მათგანი ძალიან სამწუხაროა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ გამოაცხადეს, პირიქით. ასე რომ, ისეთ სივრცეში ვართ, რომელიც გამოძიებას საჭიროებს, რათა გაირკვეს რა მოხდა, რა მასშტაბია დარღვევების და როგორი გავლენა მოახდინა ამან შედეგებზე.
ეს აძლიერებს ტრენდს, რომელსაც საქართველოს ოფიციალური პირებისგან ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით - ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორება, დაშორება მისი ღირებულებებისგან და პრინციპებისგან.
ჩვენი ანგარიში ნათელი გზის წინადადებით გამოდის ხელახლა ჩართულობისთვის. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება საქართველოს ლიდერებში - ჩვენ ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის.
“უცხოური გავლენის შესახებ” კანონის გაწვევა, რომელსაც ცუდი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონის გაწვევა, ვინაიდან, დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ჩვენს ევროკავშირის ოჯახში. ეს იქნება კონკრეტული ერთგულების პირველი ნიშნები საქართველოს ლიდერებისგან.
ძალიან მნიშვნელოვანია ახლოდან დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც მომდევნო დღეებში განვითარდება, რომლებიც ეხება გამოძიებას და დარღვევების შესახებ განმარტებებს, რომლებიც არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფებმა აღნიშნეს,” - განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები.
"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს თავისი განზრახვები ამ მოქმედების კურსის შეცვლის გზით. ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების უფრო ეფექტიანად გასატარებლად საჭიროა უფრო ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო ინსტიტუტში. უნდა გაძლიერდეს სამინისტრთაშორისო კოორდინაცია და სამოქალაქო მონაწილეობა ევროკავშირის დღის წესრიგის განსახორციელებლად. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები ევროკავშირისა და ქვეყნის მიმართ მისი მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით“, - აღნიშნულია დოუმენტში.