2025-11-04 11:55:54
    
		
		
			რუსთავში ოქტომბრის თვეში მუნის 19 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" N2 დიაგნოსტიკური ცენტრის დერმატოლოგმა ზაზა ბზუკაშვილმა განუცხადა.
ექიმის თქმით, მუნის 3-4 შემთხვევა ყოველთვიურად ყოველთვის ფიქსირდებოდა, მაგრამ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მკვეთრი ზრდა შეინიშნება.
"მუნის შემთხვევები ყოველთვის ფიქსირდებოდა, მაგრამ ოქტომბერში მოიმატა. მატებას ძირითადად ველოდით ხოლმე ნოემბრის შუა რიცხვებიდან, ახლა მატება დაიწყო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან. სულ ოქტომბერში დაფიქსირდა 19 შემთხვევა. რასთანაა დაკავშირებული ვერ გეტყვით. 3-4 შემთხვევა ყოველ თვეს არის ხოლმე, ზამთრის თვეებში შედარებით მეტია ხოლმე, მაგრამ ახლა მატება დაიწყო ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. ყველა ასაკის პაციენტი გვყავდა, არ არის გამოკვეთილი კონკრეტული ასაკობრივი კატეგორია.
მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, პირველ რიგში ვისაც დაავადება აქვს მოახდინოს თვითიზოლაციაა, რომ აღარ იყოს დაავადების გადამტანი და გამავრცელებელი. საჭიროა დროული იზოლაცია და დროული მკურნალობა, რომელსაც დანიშნავს ექიმი. საჭიროა ყველაფრის თერმულად დამუშავება",- გვითხრა ზაზა ბზუკაშვილმა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ასევე დაინტერესდა, ფიქსირდება თუ არა რუსთავის ბაგა-ბაღებსა და სკოლებში მუნის შემთხვევები.
როგორც ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანებაში" გვითხრეს, მუნით ინფიცირება არცერთ ბაღში არ არის დადასტურებული. იყო ერთ-ერთ ბაღში ეჭვი, თუმცა არ დადასტურდა.
რაც შეეხება სკოლებს, რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა გვითხრა: "ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარს გეტყვით. მიმართეთ ჯანდაცვას. ჩემთვის შემთხვევების შესახებ არ მოუწოდებიათ ინფორმაცია, რომც მოეწოდებინათ ვერ დაგიდასტურებდით, რადგან ეს არ არის ინფორმაცია, რომელიც უნდა გაიცეს",- გვითხრა თამარ ხეჩიკაშვილმა.
"ინფო რუსთავი" ესაუბრა კლინიკა "რუსთავსაც" და N1 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელსაც, სადაც გვითხრეს, რომ მათთან მუნის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.