სარეცხი მანქანებისა და მაცივრების რეალიზაციის წესები იცვლება

2024-10-30 15:10:36

სარეცხი მანქანების, მაცივრებისა და სხვა მოწყობილობების რეალიზაციის წესები იცვლება. საუბარია, ენერგოეტიკეტირებაზე, რომელიც მყიდველისთვის თვალსაჩინო ადგილას, გასაგებ, ამასთან, ქართულ ან ინგლისურ ენებზე უნდა იყოს განთავსებული.

როგორც შესაბამის დადგენილებებში ვკითხულობთ, ტექნიკურ რეგლამენტი 2025 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

შესაბამისი წესები ეტაპობრივად უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე, სადაც ჩამოთვლილია ის მოწყობილობები, რომელსაც ენერგოეტიკეტირების რეგულაცია შეეხება. ესენია: სარეცხის მანქანა, საშრობ-სარეცხის მანქანა, მაცივარი, სავენტილაციო ერთეული (იგივე გამწოვი), სინათლის წყარო (ნათურა), მყარი საწვავის ბოილერი (ცენტრალური გათბობის ქვაბი), დამატებითი გამათბობელი და ა.შ.

ტექნიკური რეგლამენტი 48-გვერდიანია, სადაც დეტალურად არის გაწერილი, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკა, რომლის რეალიზაციაც ქვეყანაში მოხდება. კერძოდ, ენერგოეფექტურობისა და აკუსტიკური ხმაურის ემისიების კლასები.

მაგალითად, სარეცხის მანქანის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1. QR კოდი;
2. მიმწოდებლის სახელი და სასაქონლო ნიშანი;
3. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;
4. ენერგოეფექტურობის კლასების A-G სკალა;
5. ენერგოეფექტურობის კლასი განსაზღვრული I დანართის შესაბამისად;
6. შეწონილი ენერგომოხმარება ყოველ 100 ციკლზე კვტ.სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე III დანართის შესაბამისად;
7. გათვლილი ტევადობა, კილოგრამში, ეკო 40-60 პროგრამისთვის;
8. შეწონილი წყლის მოხმარება თითოეულ ციკლზე ლიტრში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე III დანართის შესაბამისად;
9. ეკო 40-60 პროგრამის ხანგრძლივობა გათვლილი ტევადობით სთ:წთ-ში, დამრგვალებული უახლოეს წუთამდე;
10. გაწურვა-გაშრობის ეფექტურობის კლასი, განსაზღვრული I დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად;
11. გაწურვის ფაზის აკუსტიკური ხმაურის ემისიები გამოხატული დეციბელში 1 პიკოვატთან მიმართებით, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე, და აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი, განსაზღვრული I დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
12. რეგლამენტის ნომერი #.

აღნიშნული დადგენილების ფარგლებში, რეალიზატორებს ზედამხედველობის სააგენტო შეამოწმებს.

იხილეთ დადგენილებები ვრცლად