მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას.
აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ეს გადაწყვეტილება დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ სურვილი აქვს განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც არსებული რეგულაციების პირობებში შეუძლებელი იყო.
"ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს. მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიზანი იქნება პაციენტთათვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება და ასევე, სამედიცინო პერსონალისა და კლინიკებისთვის ანაზღაურების უფრო მეტად სამართლიანი პირობების დადგენას. მადლობა ჯანდაცვის მინისტრს ამ წინადადების მომზადებისთვის. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას. რაც შეიძლება გულისხმობდეს აყვანილ ექიმს, ექთანს, არჩეულ პალატას, სახარჯ მასალას და ა.შ. ეს მიდგომა ერთი მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ სურვილი აქვს განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც არსებული რეგულაციების პირობებში შეუძლებელი იყო. მეორე მხრივ, ეს წესი უზრუნველყოფს პაციენტის გაუმჯობესებულ წვდომას საჭირო სამედიცინო მანიპულაციების საკუთარი სურვილის შესაბამისად შერჩეული ექიმის, ექთნის მონაწილეობით ან სასურველი სახარჯი მასალის გამოყენებით განხორციელებას. დადგენილების მიხედვით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის თითოეული სახის მომსახურების შეთავაზებაზე ლიმიტები. ასევე, სხვა გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მომსახურების ანაზღაურების მეთოდის არჩევისას მოსაგებლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვას. მინისტრი მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავს ასეთ შემთხვევებს და პირობებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება სამედიცინო სექტორთან აქტიური და ინტენსიური კონსულტაციების გზით. ანუ, საქმე ეხება ე.წ. DRG სისტემის გადახედვას და შესაბამისი რეგულაციების შემსუბუქებას, რაც დადებითად აისახება როგორც პაციენტების მდგომარეობაზე, ასევე კლინიკების ინტერესებზე“, - განაცხადა კობახიძემ.