საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ სრულიად უფასოდ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ დრომდე აიზომა მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდა მილიონი მიწის ნაკვეთი.
"მიწის სისტემური რეგისტრაცია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდა. მადლობა იუსტიციის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, რომელიც უკვე გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, ამ რეფორმის ფარგლებში, აიზომა მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდა მილიონი მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, მილიონზე მეტი ადამიანი გახდა მესაკუთრე. ყოველდღიურად აიზომებოდა და რეგისტრირდებოდა 3500-დან 4000-მდე მიწის ნაკვეთი. შეგვიძლია, თავადაც წარმოვიდგინოთ, რამდენად მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა ამ მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ბოლომდე არის მისაყვანი, შესაბამისად , ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ. არიან მოქალაქეები, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს მიწის დარეგისტრირება და მათ ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე, დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები“, - განაცხადა კობახიძემ.