ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მოკლულია 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი და დაჭრილია მისი თანმხლები პირი, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
თვითმხილველის თქმით, შავი ფერის მანქანა მოძრაობის წესების დარღვევით გზის მეორე მხარეს გადავიდა და ახალგაზრდა ბიჭს გამიზნულად დაეჯახა.
"გიჟივით შემოიჭრა წრეზე, ისეთი ხმა იყო, მაშინვე გავიხედე. მანქანა ბიჭს დაეჯახა, რის შემდეგაც წაიქცა. ვინც დაეჯახა, ის მანქანიდან გადავიდა, ცემა დაუწყეს ერთმანეთს, შემდეგ სროლის ხმა გავიგე. სავარაუდოდ, 2 იარაღიდან მოხდა გასროლა, რადგან სხვადასხვანაირი ხმა იყო, დაახლოებით, 4-5-ჯერ ისროლეს.
ვინც დაეჯახა, ის მანქანაში მარტო იყო თუ არა, არ მახსოვს.
ეს ბიჭი სასწრაფოს მოსვლიდან 10-15 წუთში გარდაიცვალა.
აქ ამბობდნენ, მოკლულს ჯავშანჟილეტი ეცვა, სასწრაფო რომ მოვიდა ჟილეტს ხდიდნენო... როგორც ჩანს, ელოდებოდა ეს საფრთხეს.
სავარაუდო მკვლელი, წარსულში ნასამართლევი ყოფილა. ამბობენ, ადრე იმ ბიჭმა დაჭრა, ვინც წუხელ მოკლესო. სიმართლეა, თუ არა, არ ვიცი.
აქ მაცხოვრებლები ამბობდნენ, მთელი დღის მანძილზე უთვალთვალებდაო. ალბათ, შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა, თორემ ამდენი კამერის და ამდენი ადამიანის თვალწინ არ გააკეთებდა“,- ამის შესახებ ერთ-ერთმა თვითმხილველმა ინტერპრესნიუსთან განაცხადა.