20 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილი მარში - "საქართველო ირჩევს ევროკავშირს", თავისუფლების მოედნამდე 5 სხვადასხვა ლოკაციიდან მოეწყობა.
მსვლელობის მონაწილეები 17:00 საათზე შემდეგ ლოკაციებზე შეიკრიბებიან: რესპუბლიკის მოედანი; გმირთა მოედანი; 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა); მარჯანიშვილის მოედანი; ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა). მოგვიანებით კი, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
როგორც მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი, საბა ბრაჭველი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, მარშით, 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, საზოგადოების წევრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროკავშირია.
"მარშის სლოგანი არის ის, რომ "საქართველო ირჩევს ევროკავშირს". ეს არის როგორც კონსტიტუციურად გამყარებული პრინციპი და ქართველი ხალხის არჩევანი, ისე ზუსტად ის არჩევანი, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულის მოვლენების დროს გამოჩნდა, როდესაც არნახული რაოდენობის ადამიანი ორი თვის განმავლობაში გამოდიოდა და ითხოვდა ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელებას. რაკი მომავალი არჩევნები ასევე არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომ ის ევროკავშირს ირჩევს, ზუსტად ამ აქციით შევახსენებთ ერთმანეთს, რომ ჩვენი გზა მხოლოდ ევროკავშირშია. უბრალოდ დავინახავთ და გავამხნევებთ ერთმანეთს, რათა 26 ოქტომბერს ყველამ ისევ ავირჩიოთ ევროკავშირი", - განაცხადა საბა ბრაჭველმა.
მისივე თქმით, მსვლელობას შეუერთდებიან როგორც პოლიტიკოსები, ისე სხვა ცნობადი სახეები.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა აქციის ფარგლებში პოლიტიკური გამოსვლები, ბრაჭველი ამბობს, რომ "თუ გამოსვლები შედგება, ის საზოგადოებრივ საკითხებს შეეხება და არჩევნების თემატიკაზე იქნება მიმართული".
"ხუთი სხვადასხვა ლოკაცია იქნება, საიდანაც მარში 17 საათზე დაიძვრება. ეს მარშები გაერთიანდება 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე, სადაც საბოლოოდ, შეკრებილები ადამიანები მუსიკალურ ნომრებსაც მოისმენენ, მათი საყვარელი ადამიანების მონაწილეობით. მარშში შეერთებისკენ მოვუწოდებთ აბსოლუტურად ყველას. რაკი სწორედ პოლიტიკოსები არიან ის ადამიანები, ვისაც ხმა უნდა მივცეთ 26-ში, რათა ევროკავშირისკენ სვლა არ შეჩერდეს და კიდევ უფრო დაიძრას, პოლიტიკოსებსაც მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და შეუერთდნენ ხალხის დინებას 26-ში. რა ფორმით შემოგივარდებიან, ამას ვნახავთ 20 ოქტომბერს, მარშის დროს. ეს აქცია სამოქალაქო საზოგადოების მიერაა ორგანიზებული და შესაბამისად, თუ გამოსვლები იქნება, ეს იქნება საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიმართული იქნება არჩევნების თემატიკაზე. საკმაოდ აქტიური კამპანია გვაქვს სოციალურ მედიაში. უამრავი ადამიანი თავისი სურვილით წერს ვიდეოებს, "სთორებს" და ა.შ. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც გვიერთდებიან და მოუწოდებენ სხვებს, რომ 20-ში გამოვიდნენ. ადამიანების თავების დათვლას არ ვაპირებთ. რამდენი ადამიანიც მოვა, იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჩვენ მზად ვართ, ევროკავშირისკენ მიმავალი არჩევანის გასაკეთებლად", - განაცხადა საბა ბრაჭველმა.