საქართველოს მთავრობა აანონსებს, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესატან ბიუჯეტში 70 წლამდე პირებისთვის პენსია პირვანდელი პროექტის ნაცვლად 335 ლარის ნაცვლად, 350 ლარამდე გაიზრდება.
აღნიშნულის შესახებ პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ პენსია მომდევნო წელს პენსია 20 ლარის ნაცვლად 35 ლარით გაიზრდება.
საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის განუცხადა, რომ ამ ნაზარდზე ბიუჯეტიდან დამატებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ბიუჯეტის პირვანდელი პროექტით 70 წლამდე პირებისთვის ასაკობრივი პენსია 2025 წლიდან 335 ლარი უნდა ყოფილიყო, რაც 2024 წელს არსებულ პენსიასთან შედარებით 20 ლარით მეტია. 2019 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ასაკობრივი პენსიის ზრდა მიბმულია სპეციალურ ფორმულაზე, 70 წლამდე პირებისთვის ესაა მხოლოდ ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციაზე მიბმული, ხოლო 70 წელს ზემოთ პირებისთვის კი პენსიის ყოველწლიური გადახედვა მიბმულია როგორც ბოლო 12 თვის ინფლაციაზე, ასევე ბოლო 4 კვარტალის საშუალო ეკონომიკურ ზრდაზე. ამასთან, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ 70 წლამდე პირებისთვის პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 20 ლარით გაზარდოს, ხოლო 70 წელზე უფრო ხანდაზმულებისთვის კი პენსია ყოველწლიურად არანაკლებ 35 ლარით უნდა გაიზარდოს.
2025 წლის ბიუჯეტის პირვანდელი წარდგენით 70 წლამდე პირებისთვის პენსია 315 ლარიდან 335 ლარამდე იზრდებოდა, რაც კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ 20-ლარიან მატებას წარმოადგენდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ 70 წლამდე პირებისთვის 2025 წელს პენსიის ზრდა 35 ლარი იქნება. რაც შეეხება 70 წელს ზემოთ პირების საპენსიო მატებას, 2025 წელს მათი პენსია 35 ლარით, 450 ლარამდე იზრდება.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი პროექტის მიხედვით, ხანდაზმულთა საპენსიო უზრუნველყოფის ბიუჯეტი 4.42 მილიარდი ლარი იქნება.
“ჯერ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტი არ გვაქვს. ინიციატივაა, რომ ორივე ასაკობრივი კატეგორიისთვის პენსია გაიზარდოს 35 ლარით, ინიციატივას სჭირდება დაახლოებით 100 მილიონი ლარი და ეს უნდა აისახოს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
საქართველოში ასაკობრივ პენსიას სულ 838 ათასი მოქალაქე იღებს.