1-ელი სექტემბრიდან საქართველოში რამდენიმე ცვლილების ამოქმედება იგეგმება. გთავაზობთ აღნიშნული ცვლილებების ჩამონათვალს:
მოტოციკლეტებისა და მოპედების ე.წ ბასლაინზე გადაადგილება დასაშვები გახდა
დღეიდან მოტოციკლეტებსა და მოპედებს ე.წ ბასლაინზე გადაადგილების უფლება ექნება. შესაბამისი საკითხი მიმდინარე წლის ივლისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით ერთხმად დაამტკიცა.
საკითხის ინიციატორი "ქართული ოცნების" დეპუტატები იყვნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ "მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლაინზე დაშვება ევროპის ბევრ ქვეყანაშია". ინიციატორების განცხადებით, ცვლილება გააუმჯობესებს გზებზე მოძრაობას და შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას.
ამის საპირისპიროდ, "ბიზნესპრესნიუსთან" საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე აღნიშნავდა, რომ ცვლილებები რისკის შემცველია და მოტოციკლებსა და მოპედებთან საგზაო შემთხვევების რისკებს გაზრდის.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, თბილისის საავტომობილო გზებზე, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილისა და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს როგორც M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, ასევე T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარია.
ცნობისთვის, T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება არის ნებისმიერი თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო- სამეურნეო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად.
ქიმწმენდის ობიექტებს რეგისტრაცია მოუწევს
დღეიდან ამოქმედდა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ქიმწმენდის ობიექტებს რეგისტრაცია მოუწევს. აღნიშნულს "ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ" მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტი ითვალისწინებს.
უფრო კონკრეტულად, რეგლამენტის მიხედვით, ქიმწმენდის საწარმო ვალდებულია, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდეს როგორც "ქიმწმენდის საწარმოდ".
ამასთან, ქიმწმენდის საწარმოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სათანადო წესით გამოყენების, მოვლისა (გაწმენდა და რეცხვა) და შენახვის პირობები. დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ქიმწმენდის საწარმოში დასაქმებული პირის პერიოდული სამედიცინო შემოწმება.
დოკუმენტის თანახმად, დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში. ასევე აკრძალულია ქიმწმენდის მიმღები პუნქტების განთავსება მაღაზიებში (სუპერმარკეტების იმ სივრცეებში), რომლებიც კვების პროდუქტების რეალიზაციას ახდენენ.
ევროკავშირის აეროპორტებში სითხის გადატანაზე შეზღუდვები დაწესდა
1-ლი სექტემბრიდან ევროკავშირის აეროპორტებმა მგზავრებისთვის სითხის გადატანაზე კვლავ შეზღუდვები დააწესა. უფრო კონკრეტულად, ხელბარგში 100 მლ-ზე მეტი სითხის გადატანა იკრძალება.
Independet-ის ცნობით, ბოლო წლებში ევროპის ბევრ აეროპორტში (გერმანიაში, ირლანდიაში, იტალიაში, ლიტვაში, ნიდერლანდებში, შვედეთში, მალტაში, ფინეთს, დიდ ბრიტანეთში) ახალი C3 სკანერები დამონტაჟდა. მაშინ ამ მოწყობილობების საშუალებით მოიხსნა სითხის ოდენობის შეზღუდვა და მგზავრებს ზურგჩანთებიდან და ჩემოდნებიდან ბოთლებისა და ქილების ამოღება არ სჭირდებოდათ.
თუმცა, ევროკომისია ახლა აცხადებს, რომ ახალი სკანერები, რომლებიც ადრე განიხილებოდა მოწინავე ტექნოლოგიის ნიმუშად, "სახიფათოა", რადგან ისინი თხევად აალებად ნივთიერებას ჩვეულებრივი წყლისგან ვერ განასხვავებენ. სკანერები უნდა გაუმჯობესდეს, ხოლო სანამ პრობლემა არ მოგვარდება, ევროპის აეროპორტებმა აპრობირებული მოწყობილობები უნდა გამოიყენონ და სითხეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ძველ პროცედურებსა და წესებს დაუბრუნდნენ.
ცნობისთვის, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმაც, რომელიც ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ არის.
ბიზნესპრესნიუსი