"გორმედის" სამედიცინო ცენტრი, კლინიკაში საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
სამედიცინო ცენტრის ვარაუდით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.
"გვინდა გაცნობოთ, რომ "გორმედის" სამედიცინო ცენტრში 12 აგვისტოს მშობიარე პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ. პაციენტი "გორმედის" სამშობიარო ცენტრში შეიყვანეს დაწყებული მშობიარობით. მშობიარეს აღენიშნებოდა პრეკლამფსია და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტთან დაფიქსირებულია წინა პრობლემური მშობიარობებიც. საკეისრო კვეთის შედეგად გადარჩენილია ნაყოფი. ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. (ბავშვი გადაყვანილ იქნა შესაბამის კლინიკაში). ვინაიდან საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი, აუცილებელი ოპერაცია, რომლის დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ საკითხის შესწავლა პაციენტის გარდაცვალების დღესვე დაიწყო და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილებას გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით მიიღებს პროფესიული განვითარების საბჭო ექიმ-სპეციალისტების მონაწილეობით, რომელიც იმსჯელებს ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. საქმის შესწავლისა და შემოწმების დასრულებისთანავე საზოგადოება მყისიერად იქნება ინფორმირებული აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კლინიკა ელოდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის დასრულებისთანავე კლინიკა საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას. "გორმედის" სამედიცინო ცენტრის ვარაუდით პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.
"გორმედის" სამედიცინო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. სამწუხაროდ, კლინიკას დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვას", - ნათქვამია "გორმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.