გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

2024-08-26 14:14:45

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბნიდან და მელაანიდან, გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადაიყვანა.

თავშესაფრის დირექტორის, თემურ ზავრაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, თავშესაფარში ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი მოკვდა.

მისივე თქმით, დაავადება თავდაპირველად ლეკვებს დაუდგინდა.

"ორ კვირაზე მეტია, რაც თავშესაფარში კარანტინი გვაქვს. მიზეზი ცოფის გამოვლინებაა. თავიდან ეჭვი იყო ძუსა და მის ლეკვებზე. მას შემდეგ, რაც ერთი ლეკვი მოკვდა, დავიწყეთ ახლო მდებარე ზოლში ძაღლების ხელახლა აცრა და შემხებლობაში მყოფი ყველა ცხოველი გადმოვიყვანეთ დაკვირვების ქვეშ - ჯამში, 90 ძაღლი, საიდანაც 14 მოკვდა. ჩვენ სააგენტოში კარანტინი გვაქვს. ვოლიერებში ჰიგიენური ნორმები დაცულია. 30 აგვისტომდე თავშესაფარი დაკეტილი იქნება. იმ ოჯახების წევრები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, უკვე აცრეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით“, - განაცხადა თავშესაფრის დირექტორმა.