63 ათას მოქალაქეს 361 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

2024-08-19 10:34:19

63,500 მოქალაქეს 2021 წლამდე წარმოშობილი 361 მილიონი ლარის ვალი ჩამოეწერა.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრ რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვაზე პასუხიდან ირკვევა.

ვალების ჩამოწერა მოხდა საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც პარლამენტმა 2024 წლის 19 აპრილს მიიღო. ფინანსთა სამინისტროს პასუხის თანახმად, თითოეულ მოქალაქეს საშუალოდ 5685 ლარის დავალიანება ჩამოეწერა.

"თქვენი 2024 წლის 26 ივლისის #5172/3-17/24 წერილის პასუხად, რომლითაც ითხოვთ ინფორმაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანების შესახებ, გაცნობებთ, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის დაწყებიდან (25.06.2024წ.) - 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 63 558 ფიზიკურ პირს, ჯამურად - 361,339,508.34 ლარის ოდენობით,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პასუხში.

მთავრობის ინფორმაციით, დავალიანების ჩამოწერის შემდგომ, ფიზიკური პირების მიმართ გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები - საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა. შ ავტომატურად გაუქმდა.