საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს” წევრობის და „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივნისს, ქალაქ ბათუმში, „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალდებულმა პირმა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით „ქურდული გარჩევა“ მოაწყო. კერძოდ, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთი ონლაინ-კაზინოს მეშვეობით თითქოსდა 300 000 ლარი მოიგო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულს 5000 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალდებული პირის დავალებით, „ქურდული სამყაროს" მხარდამჭერი დაზარალებულს და მის ნათესავს უკავშირდებოდა და დაშინებით და მუქარით „ქურდულ გარჩევაზე“ დაკისრებული თანხის დათქმულ ვადაში გადახდას ითხოვდა, რის გამოც დაზარალებულებმა 5000 ლარი „ქურდული სამყაროს" წევრის პირად საბანკო ანგარიშზე იძულებით გადარიცხეს.
ამასთან, განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებულები 1-ელ აგვისტოს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს, ხოლო მეორე ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათივე ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა უკვე შეეფარდათ. პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.