"მინდა ახალი ისტორია დავწერო"

2024-08-02 13:22:20

"24 წლის შემდეგ ისტორია გადავწერეთ, მაგრამ მინდა ახალი ისტორია დავწერო, ამიტომაც ვეცდები ყველანაირად",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთაველმა მოკრივემ ლაშა გურულმა განუცხადა.

ლაშა 24 წლის შემდეგ პირველი ქართველი მოკრივეა, რომელმაც ოლიმპიური მედალი უკვე გაინაღდა და 4 აგვისტოს თავდაუზოგავად შეეცდება, რომ ოლიმპიადაზე ნახევარფინალური შეხვედრა მისს სასარგებლოდ დასრულდეს და ფინალში ოქროს მოსაპოვებლად ბრძოლის უფლება მოიპოვოს.

გურულმა ჩვენთან ასევე ისაუბრა 1 აგვისტოს გამართულ ოლიმპიადის 1/4 ფინალურ შეხვედრაზე, მისი თქმით, პირველ რაუნდში მსაჯებმა არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღეს, როცა გამარჯვება მის ყაზახ მეტოქეს მიანიჭეს.

რუსთაველი მოკრივე გვიყვება, რომ მსაჯების მიერ მიღებული არაობიექტური გადაწყვეტილების გამო, დარჩენილ ორ რაუნდში შეცვლილი სტრატეგიით იბრძოლა.

"პირველ რაუნდში მსაჯებმა მეტოქეს მიანიჭეს გამარჯვება და მეთქი ისევ იგივე მეორდება, რაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში. მოგებული რაუნდი მისცეს ჩემს მეტოქეს. მსაჯებთანაც პრობლემა მქონდა. მჯეროდა და მწამდა, მეთქი არაფერზე არ უნდა ვიფიქრო და ჩემი მაქსიმუმი უნდა გავაკეთო თქო, თან ჭკვიანურად, რომ წყობიდან არ გამოვიდე თქო.

ასეთი რამის შემდეგ მოტივაცია შეიძლება უფრო დაგეკარგოს, მაგრამ გავბრაზდი და ვიცოდი, რომ ძალიან რთულად იყო საქმე და საკუთარი თავის უფრო მეტად გამოვლენა მომიწია. ეგ რაუნდი რომ წამოსულიყო ჩემს სასარგებლოდ, მეორე და მესამე რაუნდს უპრობლემოდ ჩავატარებდი. არაობიექტური შეფასების გამო ბრძოლის სტრატეგია შეიცვალა, მაგის გამო მომხვდა რამდენჯერმე თავი და მაგიტომაც მაქვს ახლა ორივე წარბი გადახსნილი, მივიღე მომავალი შეჯიბრისთვის ტრავმები, მაგრამ მაგ ყველაფრის მიუხედავად გზა გრძელდება, უნდა ავიდე ნახევარფინალში, მოვიგო და ვიბრძოლო ოქროს მედლისთვის.

მხედველობაში ხელს მიშლის, შეშუპებაა, ტრავმაა და წარმოიდგინეთ, დაცვაზე ხელი რომ შუბლზე გაქვს მიდებული უკვე გრძნობ, პლუს დარტყმები რომ გხვდება დისკომფორტია და ხედვაშიც რთული იქნება. მაგრამ პოზიტიურად ვუდგები ყველაფერს. ვიღაცა აქ არ არის, წაგებული აქვს და იმ წაგებულს, რომ კითხო ჩემს ადგილზე გაუხარდებოდა, ოღონდ წარბები მქონდეს გახეთქილი და ვაგრძელებდე ბრძოლას და ნახევარფინალში ვიყოო. მაგ მდგომარეობაში ვაყენებ ჩემს თავს. მთავარია ბრძოლაში ვართ, გვაქვს იმის შანსი, რომ გავაგრძელოთ და გადავიდეთ ფინალში, ამიტომაც არ ვაქცევ ასეთ რაღაცებს ყურადღებას.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთი ოლიმპიური მედალი, ბრინჯაო გვაქვს 24 წლის წინ. ახლა, 24 წლის შემდეგ ისტორია გადავწერეთ, მაგრამ მინდა ახალი ისტორია დავწერო, ამიტომაც ვეცდები ყველანაირად",- განგვიცხადა ლაშა გურულმა.

ფოტო: ფოტოგრაფი ლაშა კუპრაშვილი

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები