გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

2024-07-25 17:34:08

"ტვ მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თბილისში, დიდუბეში თავს დაესხნენ. აღნიშნულის შესახებ კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც "ტვ მონიტორინგი" სოციალურ ქსელში წერს, გადამღებ ჯგუფს თავს გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული მდგომარეობის გაშუქების გამო დაესხნენ.

მათივე ცნობით, ოპერატორ ბექა პირველს, დაზიანებები თავისა და სხეული სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული და ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

"გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გაშუქების გამო "ტვ მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძღოლებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, ფიზიკურად იძალადეს. ბექა პირველს, დაზიანებები თავისა და სხეული სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შოთიკო სადაღაშვილს კი ხელი აქვს ნაღრძობი. მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით 154-ე მუხლი ისჯება",- ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფაქტს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ "ტვ მონიტორინგის" გადამღები ჯგუფი, გამოკითხვაზეა დაბარებული.