როდის დასრულდება რუსთავში ოთხი სკოლის რეაბილიტაცია

2024-06-24 12:24:55

რუსთავში ოთხი საჯარო სკოლის, მე-6, მე-7, მე-17 და 21-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა ეტაპზეა სკოლებში სამუშაოები და მოესწრება თუ არა დასრულება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.

მე-7 და მე-17 საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე ტენდერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა და მასში გამარჯვება შპს "საბა კონტრაქშენმა" მოიპოვა.

როგორც კომპანიის მენეჯერმა ზაზა მამასახლისმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამუშაოების ორივე სკოლაში რეაბილიტაცია სექტემბერში სწავლის განახლებამდე დასრულდება.

მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 6 217 786 ლარია გამოყოფილი, ხოლო მე-17 სკოლისთვის 5 946 672 ლარი.

მე-6 და 21-ე სკოლების რეაბილიტაციისთვის ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და მაში კომპანია "ჯი ბი ჯიმ" გაიმარჯვა.

როგორც კომპანიის დირექტორმა, გიორგი სულაბერიძემ გვითხრა, 21-ე სკოლაში რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოები სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისისთვის დასრულდება.

რაც შეეხება მე-6 საჯარო სკოლას, კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ წლის თებერვლიდან დაიწყო და დირექტორის თქმით, სამუშაოები 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

მე-6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 6 331 997 ლარია გამოყოფილი, ხოლო 21-ე სკოლისთვის 5 986 632.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები