"ზურგში ესროლა"

2024-05-23 18:17:13

27 წლის გიორგი ფირაშვილმა სანადირო თოფი, რომლითაც რუსთავში ცოლი და სიდედრი მოკლა, შემთხვევამდე 2 კვირით ადრე შეიძინა. 

როგორც ოჯახების ახლობლები "ინფო რუსთავს" უყვებიან, მეუღლეები ერთმანეთს, დაახლოებით, 2 თვის წინ დაშორდნენ და გოგონა საცხოვრებლად დედასთან დაბრუნდა. რა გახდა დაშორების მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ გიორგი ფირაშვილი ცოლს შერიგების მიზნით ხშირად აკითხავდა და მის მიმართ აგრესიულობას იჩენდა.

საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი იყო მკვლელობის დღესაც.

არსებული ინფორმაციით, 22 მაისს, მარიამ სოფრომაძეს დედასთან, ინგა ბეგაშვილთან ერთად, მცირეწლოვანი შვილი სამედიცინო დაწესებულებაში ჰყავდა მიყვანილი, სადაც ქმარმა მიაკითხა და კლინიკის ეზოში მათ შორის კამათი მოხდა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამის შემდეგ, გიორგი ფირაშვილი ფეხით მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილით აედევნა და შეკამათებას ადგილი ჰქონდა ქუჩაშიც. სამართალდამცავებმა დუმბაძის ქუჩაზე, იქ, სადაც მკვლელობა მოხდა, გოგონას კუთვნილი დამტვრეული ტელეფონი იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის გოგონასა და 49 წლის ქალს ტყვიები ზურგის არეში აქვთ ნასროლი.

სავარაუდოდ, ქუჩაში შელაპარაკების შემდეგ, გიორგი ფირაშვილი ავტომობილიდან სანადირო თოფის მოსატანად წავიდა, საიდანაც ცოლსა და სიდედრს დამიზნებით, ზურგის არეში ესროლა.

შეგახსენებთ, მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" და "ლ" ქვეპუნქტებით დაიწყო.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები