პედაგოგიკის და ბავშვთა ფსიქოლოგიის ტრენინგ-კურსები რუსთავის ბაღების თანამშრომლებისთვის

2024-04-01 18:27:10

რუსთავის მერიამ მეცნიერ შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი პროექტის განხორციელება დაიწო.

 

პროექტის ფარგლებში რუსთავის ბაგა-ბაღების თანამშრომლებიც პედაგოგიკის და ბავშვთა ფსიქოლოგიის ტრენინგ-კურსებს გაივლიან.

ტრენინგ-კურსების ფარგლებში ერთ-ერთი შეხვედრა რუსთავის ხელოვნების სასწავლებელში გაიმართა.

"რუსთავის საბავშვო ბაღებში მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სახელფასო ნაწილში მუდმივად გვაქვს პოლიტიკა, რომ ღირსეული ხელფასები ჰქონდეთ ჩვენს თანამშრომლებს. ასევე ვიმუშავეთ, რომ  ბავშვებისთვის საკვები რაციონი ყოფილიყო ისეთი, როგორსაც პედიატრები და ნუტრიციოლოგები მიგვითითებდნენ. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რუსთავის საბავშვო ბაღებში განსაკუთრებულად კარგი მდგომარეობაა.

თუმცა მიდის მუშაობა ახალ ინფრასტრუქტურაზე, ორი ახალი საბავშვო ბაღი შენდება, ასევე სარეაბილიტაციო პროცესი მიმდინარეობს და ჩვენმა გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტზე ბავშვების მეთოდური აღზრდა-განვითარების ახალი მიმართულების დანერგვა იყო აუცილებელი. დავიწყეთ მასშტაბური პროექტი ჰუმანური პედაგოგიკის დანერგვის კუთხით. ბატონმა შალვა ამონაშვილს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს თანამშრომლებს კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბროთ, ავამაღლოთ მათი კვალიფიკაცია და დავნერგოთ ისეთი მეთოდები, რომელიც მომავალში ჯანსაღ და კიდევ უფრო განვითარებულ თაობას მოგვცემს.

პროექტი არის მასშტაბური და ეს არ გულისხმობს მხოლოდ რამდენიმე თანამშრომლის გადამზადებას. შევეჭიდეთ სრულად ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებას და ამ პროექტის ფარგლებში გვექნება მეთოდური წიგნიც ასევე, რომელიც შემდგომში ახალ თანამშრომლებთან იქნება გამოყენებული. პროექტი გულისხმობს ყველაზე მნიშვნელოვანს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენს პატარებს ემსახურებიან მთელი დღის განმავლობაში, იქნებიან გადამზადებულები და გამოიყენებენ იმ მეთოდებს, რომელიც ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულებითაა",- განაცხადა ლაცაბიძემ.

შალვა ამონაშვილის განცხადებით, ამ პროექტის ფარგლებში რუსთავის ბაგა-ბაღების თანამშრომლები ბავშვებთან ურთიერთობის ახალ მეთოდებს შეისწავლიან.

"ვზრდით ერთი პრინციპით, კარგად მოიქცევი მოგეფერები, ცუდად მომიქცევი დაგსჯი. ასე ხდბეა ოჯახშიც, საბავშვო ბაღშიც და სკოლაშიც. რასაკვირველია ნაირნაირად ხდება, მაგრამ პრინციპი ერთი აქვს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი პედაგოგიკა და რას მივიღებთ ასეთი თაობისგან. ასე გაზრდილი თაობა, ავტორიტარულად, დაჩაგრული ხდება, შეზღუდული ხდება თავის წარმოდგენაში, აზროვნებაში, მოქმედებაში და თავის თავს ვერ ამკვიდრებს. რას მიიღებენ ჩვენი რუსთაველი კოლეგი? მიიღებენ ცნობიერების განვითარებასა და გაფართოებას. მათ ყველაფერი, რასაც ვეტყვით, იციან, მაგრამ არ მოსდით აზრად გამოიყენონ. ჩვენ გვინდა, ის რაც იციან კრისტალად ვაქციოთ და ვუჩვენოთ კიდეც, როგორ ხდება ამის ცხოვრებაში შეტანა, კერძოდ პატარა ბავშვებთან. რა ვუთხრათ, რა ვათამაშოთ, როგორ მოვექცეთ, ხმა როგორ დავიყენოთ, ხელები როგორ ვამოძრაოთ და რა შინაარსებით შევავსოთ ეს ურთიერთობა",- განაცხადა შალვა ამონაშვილმა.