რუსთავში სპორტის სასახლე გაიხსნა [video]

2024-03-20 19:37:03

რუსთავში, მე-18 მიკრორაიონში ახალაშენებული სპორტკომპლექსი გაიხსნა.

სპორტის სასახლის გახსნის ცერემონიაზე MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, რუსთაველმა ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი წარადგინა.

სპორტკომპლექსი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსის მთავარი დარბაზი მოემსახურება 8 ოლიმპიურ სპორტულ სახეობას. კერძოდ, დარბაზში შესაძლებელი იქნება  ღონისძიებების გამართვა კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს, ფარიკაობის სპორტულ სახეობებში. 

დარბაზის მოძრავი, ეგრეთ წოდებული ტელესკოპური ტრიბუნები გათვლილია 1500 მაყურებელზე და სივრცის ეფექტური გამოყენების საშუალებას იძლევა. დარბაზი მოწყობილი და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეჯიბრებების ჩასატარებლად დარბაზში დამონტაჟებულია ლედ ეკრანები. შენობა აღჭურვილია გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემებით.
სპორტული კომპლექსში უკვე აღჭურვილია ფიტნეს დარბაზი  და გათვალისწინებულია სპორტსმენების ვარჯიშისათვის და ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის შეჯიბრებებისთვის საჭირო ყველა სივრცე: გასახდელები, საშხაპეები, დასასვენებელი და ინვენტარის შესანახი ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, ღია კაფე.

კომპლექსის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული ზონა, საფეხმავლო ბილიკები, 85 ავტომანქანაზე გათვლილი ღია ავტოსადგომი და დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები.  
მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის 24 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები