2023 წლის მე-3კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა და 15.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 29.3 ათასი კაცით (3.2%) და 943.2 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 21.5 ათასით შემცირდა (4.8%) და 422.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 1.4 ათასით (0.6%) და 252.2 ათასი შეადგინა.
„2023 წლის მე-3 კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.6 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 45.3 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი შემცირებულია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.5 პროცენტს და 44.8 პროცენტს შეადგენს.
2023 წლის მე-3 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69 პროცენტი შეადგინა.
2023 წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაზრდილია საქალაქო ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 12.8 პროცენტს და 17.7 პროცენტს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის მე-3 კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 66 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით.
2023 წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე შემცირებულია ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით,“- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.