საქართველოში საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი გახდება. შეგახსენებთ, ამის შესახებ პრემიერმა ორიოდე კვირის წინ მთავრობის სხდომაზე ისაურა, ახლა კი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული.
"ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა. კერძოდ:
უმაღლესი (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს ენიჭებათ რეგისტრირებული ექთნის ამ მეანი-ექთნის წოდება.
პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება.
საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი.
საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - ექთანი სპეციალისტი.
იქმნება ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრი, რომლის საშუალებით განხორციელდება ექთნებისა და მეანი ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება. რეესტრში ავტორიზაცია იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა. სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნებისთვის 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე სერტიფიცირება განხორციელდება უგამოცდოდ. რეგისტრირებული ექთნების რეგისტრაცია უგამოცდოდ მოხდება 2030 წლის 1-ელ იანვრამდე", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, დაგეგმილი ცვლილებებით, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭება მოხდება 5 წლის ვადით.
გარდა ამისა, კანონპროექტის განმარტებით ბარათის თანახმად, მთავრობის პროგნოზით, ყოველწლიურად 1 500 ექთანი და მეანი-ექთანი გაივლის სარეგისტრაციო და სასერთიფიკაციო გამოცდებს, რომელზეც სარეგისტრაციო საფასურის ოდენობა, სავარაუდოდ, განისაზღვრება 60 ლარით (ამჟამად, ექიმების სასერთიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური არის 120 ლარი).
როგორც პროექტის განმარტებით ბართაში ვკითხულობთ, საექთნო და მეანი-ექთნის პროფესიების რეგულირებად პროფესიებად განსაზღვრიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიზანია, აღნიშნულ პროფესიებში უკანონო საქმიანობის პრევენცია.
"კანონი ამოქმედდება 2025 წლის 1-ელ იანვარს, ვინაიდან, საექთნო ან მეანი-ექთნის განათლების მქონე პერსონალს 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ეკრძალება საქმიანობა დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე.
საკანონმდებლო ცვლილებით, საექთნო და მეანი-ექთნის უკანონო საქმიანობის განხორციელება (საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე) დაუკავშირდება დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით",- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
შეგახსენებთ, იმასაც, რომ მთავრობის ინიციატივით, ექთნისა და მეანი-ექთნისთვის ქვეყანაში წესდება ასევე მინიმალური საათობრივი ანაზღაურება, რომელიც უნდა იყოს საათში არანაკლებ 4.40 ლარისა.