რუსთავში ბებია და მისი ორი შვილიშვილი CO-თი მოიწამლა

2023-10-11 17:29:45

რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩაზე შუახნის ქალი და მისი ორი არასრულწლოვანი შვილიშვილი CO-თი მოიწამლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია,
საცხოვრებელ სახლში ნახშიროჟანგის დაგროვება არასწორად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია.

ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია მიიღეს სახლში მყოფმა შუახნის ქალმა და მისმა 14 და 2 წლის შვილიშვილებმა. პაციენტები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა განუცხადა, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

არასრულწლოვანი პაციენტები კი კლინიკის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს. პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, ჯონი სამხარაძის ცნობით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები